POLITICO: ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტმა შესაძლოა 200 მილიარდ ევრომდე დაკარგოს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ელიან, რომ გაერთიანების მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის პროექტი, ივნისში წარდგენილ თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, 100-200 მილიარდი ევროთი შემცირდება. ინფორმაციას POLITICO ევროკავშირის 12 დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ირლანდია, რომელიც საბიუჯეტო მოლაპარაკებებს კოორდინაციას უწევს, განახლებულ წინადადებას შაბათს წარადგენს. ეს საფუძველს ჩაუყრის ევროკავშირის ლიდერებს შორის რთულ მოლაპარაკებებს, რომლებიც მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე გაიმართება, იუწყება გამოცემა.
ევროკავშირის ქვეყნები ბიუჯეტის საკითხზე ორ ბანაკად არიან გაყოფილი. ე.წ. ეკონომიური ქვეყნები, მათ შორის გერმანია, ავსტრია და ნიდერლანდები, თითქმის 2 ტრილიონი ევროს მოცულობის პროექტის რამდენიმე ასეული მილიარდი ევროთი შემცირებას მოითხოვენ. მათ საპირისპიროდ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფი - „ერთიანობის მეგობრები“ - საბიუჯეტო შემცირებებს ეწინააღმდეგება.
დიპლომატების ინფორმაციით, ირლანდია ბიუჯეტის 100-200 მილიარდი ევროთი შემცირებას გეგმავს, რაც გერმანიის ხელმძღვანელობით მოქმედი ბანაკისთვის დათმობად განიხილება. ამასთან, დუბლინი სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების დაფინანსების მნიშვნელოვანი შემცირებისგან დაცვას აპირებს, რათა „ერთიანობის მეგობრების“ მხარდაჭერა მოიპოვოს.
მომავალ კვირას სამიტზე ევროკავშირის ლიდერები განახლებულ ციფრებს გაეცნობიან და შეაფასებენ, რამდენად რეალურია წლის ბოლომდე შეთანხმების მიღწევა. დოკუმენტს, რომელშიც ბიუჯეტის ახალი მაჩვენებლებია მოცემული, „მოლაპარაკებების ჩარჩოს“ უწოდებენ, რადგან ის წევრ ქვეყნებს შემდგომი მოლაპარაკებებისთვის საწყის პირობებს სთავაზობს.
როგორც POLITICO იუწყება, მთავრობები ცდილობენ, შეთანხმებას ეროვნულ არჩევნებამდე მიაღწიონ. 2027 წელს საფრანგეთში, პოლონეთსა და იტალიაში დაგეგმილმა არჩევნებმა შესაძლოა მოლაპარაკებები კიდევ უფრო გაართულოს.
ირლანდიას, როგორც მოლაპარაკებებში ნეიტრალურ შუამავალს, საკუთარი განზრახვები საჯაროდ არ გაუმჟღავნებია. თუმცა, ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა თომას ბირნმა მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროპარლამენტში განაცხადა, რომ წევრმა ქვეყნებმა შეთანხმებისკენ „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს. ამასთან, მან გააფრთხილა დეპუტატები: „ყველას დაკმაყოფილებას ვერ შევძლებთ“.
წევრი ქვეყნების მთავრობებში ასევე პოპულარულია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების იდეა. ევროკავშირის ინსტიტუტებისა და თანამშრომლებისთვის 118 მილიარდი ევროა გამოყოფილი, თუმცა ამ მიმართულებით შესაძლო შემცირება შედარებით მცირე ეკონომიას მოიტანს, წერს POLITICO.
ეკონომიური ქვეყნები, თავის მხრივ, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების დაფინანსების დაცვას ეწინააღმდეგებიან. მათი პოზიციით, თანხები ტრადიციული პრიორიტეტებიდან ახალ გამოწვევებზე, მათ შორის თავდაცვასა და კონკურენტუნარიანობაზე, უნდა გადანაწილდეს.
„ძალიან შეშფოთებული ვართ, რომ ირლანდიამ შესაძლოა კვლევებისა და საგარეო მოქმედებების დაფინანსება მკვეთრად შეამციროს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია განვითარებისთვის, ჩვენი ეკონომიკური ინტერესებისა და მიგრაციის მიმართულებით“, - განუცხადა გამოცემას ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.





