მედია: კრამატორსკში რუსეთის ავიადარტყმას 33 ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო
ფოტო: Facebook
უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რუსეთის მიერ მართვადი ავიაბომბით განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 33 ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
იერიშის სამიზნე ქუჩა გახდა, სადაც სამგზავრო ავტობუსები მოძრაობდნენ.
თავდასხმა 8 ოქტომბერს დილით მოხდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა კრამატორსკში ავტობუსის გაჩერებას მართვადი ავიაბომბით დაარტყეს.
დონეცკის ოლქის გუბერნატორის ვადიმ პილაშკინის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ქუჩაზე დამწვარი ავტობუსი და კიდევ ერთი დაზიანებული ავტომობილი დარჩა. მან რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმაში დაადანაშაულა.
კრამატორსკში მომხდარი თავდასხმის გამო ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსული იერიშები დონეცკის ოლქის სხვა დასახლებებზეც განხორციელდა. კრამატორსკზე თავდასხმამდე რეგიონში რუსეთის დარტყმებს კიდევ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა.
კრამატორსკზე თავდასხმამდე რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის დასახლებებს ბოლო 24 საათის განმავლობაში 31-ჯერ დაარტყეს. ფრონტისპირა ტერიტორიებიდან 256 ადამიანის, მათ შორის 32 ბავშვის, ევაკუაცია განხორციელდა.





