ამერიკელი სენატორის თქმით, ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან ომს არ გამორიცხავს
მსოფლიო

ლინდსი გრემი
ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეასთან ომს არ გამორიცხავს, თუ ფხენიანი ბალისტიკური რაკეტის შექმნას გააგრძელებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
სენატორის თქმით, აღნიშნულ თემაზე დონალდ ტრამპმა მასთან პირად საუბარში განაცხადა.
რესპუბლიკელი პოლიტიკოსის განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტი ფხენიანსა და მის ლიდერს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის შექმნის უფლებას არ მისცემს, რომელსაც აშშ-ზე ბირთვული დარტყმის განხორციელება შეუძლია.
28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი რაკეტა გამოსცადა. გამოცდის ჩატარების ბრძანება ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გასცა, რომელიც ამ პროცესს თავად აკვირდებოდა. რაკეტამ 47 წუთისა და 12 წამის განმავლობაში 998 კილომეტრი იფრინა და იაპონიის წყლების ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა.
მედიის ცნობით, ეს გამოცდა მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, თუმცა აშშ-სთვის „მკაცრი გაფრთხილება იყო“.
ეს იყო მე-14 რაკეტა, რომელიც ფხენიანმა უკანონოდ გამოსცადა და გაეროს აკრძალვა დაარღვია.





