სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა
მსოფლიო

ალექსეი ნავალნი
ფოტო: მოსკოვის საქალაქო სასამართლო
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნისთვის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
„პირობითი სასჯელის სისტემატიური დარღვევის გამო, ვთხოვ სასამართლოს, გააუქმოს პირობითი სასჯელი და რეალური სასჯელი აღასრულოს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით“, - განაცხადა სასამართლოში რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა.
2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა, ოლეგ ნავალნი თაღლითობაში დამნაშავედ სცნეს. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია „ივ როშე“, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა.
18 იანვარს სასამართლომ ალექსეი ნავალნის აღკვეთის ღონისძიების სახით 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 17 იანვარს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების საბაბი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.





