YouTube-ი საკუთარ პლატფორმაზე განთავსებულ ყველა იმ ახალ ვიდეოს წაშლის, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ფალსიფიცირებას უკავშირებს
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock.com
კომპანია YouTube-ი საკუთარ პლატფორმაზე განთავსებულ ყველა იმ ახალ ვიდეოს წაშლის, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ფალსიფიცირებას უკავშირებს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ახალი კონტენტი, რომელიც შეცდომაში შეიყვანს მომხმარებლებს იმის მტკიცებით, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენა მასშტაბურმა ფალსიფიცირებამ მოახდინა, YouTube-ის პლატფორმიდან წაიშლება.
„ჩვენ წავშლით ისეთ ვიდეოებს, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა არჩევნები მასშტაბური ფალსიფიცირების, პროგრამულ უზრუნველყოფაში დაფიქსირებული შეცდომების ან ხმების არასწორად დათვლის გამო გაიმარჯვა. ამ პოლიტიკის გატარებას დღეიდან ვიწყებთ“, - ნათქვამია YouTube-ის განცხადებაში.
რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნერბში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.
ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.





