ზელენსკი: რუსული ბალისტიკური რაკეტების დარტყმა კიევზე, კვლავ პარტნიორებისგან გაფრთხილების გარეშე - ნამდვილად უსამართლობაა, როდესაც ისინი ანადგურებენ ენერგეტიკას, უკრაინა კი ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ გაფრთხილებასაც კი ვერ იღებს
მსოფლიო

13 ოქტომბერს, საღამოს, რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმა განახორციელეს: დაფიქსირებულია რაკეტების მოხვედრა თბოელექტროცენტრალსა და საცხოვრებელ სახლში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, პარტნიორებისგან მოსალოდნელი იერიშის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ მიუღიათ.
„რუსული ბალისტიკური რაკეტების დარტყმა კიევზე. კვლავ პარტნიორებისგან გაფრთხილების გარეშე. მთავარი სამიზნე ენერგეტიკაა. ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი, ამ წუთებში მაშველები ხანძარს აქრობენ. ეს რაკეტები ჩვენმა სისტემამ ფაქტობრივად უკვე კიევთან მოახლოებისას დააფიქსირა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი ბალისტიკური რაკეტების ახალი გაშვებისთვის ემზადება.
„ფაქტები აჩვენებს, რომ რუსები საჭიროდ არ თვლიან შეასრულონ ის, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა. უკრაინამ მხარი დაუჭირა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტას. რუსეთი კი მიზანში იღებს მორიგ ელექტროსადგურს და ჩვენი ხალხის სიცოცხლეს. და ნამდვილად უსამართლობაა, როდესაც ისინი ანადგურებენ ენერგეტიკას, უკრაინა კი ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ გაფრთხილებასაც კი ვერ იღებს. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ რეალურად დაინახოს, რა ხდება და ვინ არის დამნაშავე ომის გაგრძელებაში“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





