მოსკოვში საპროტესტო მსვლელობისას პოლიციამ 400-მდე მოქალაქე დააკავა
მსოფლიო

მოსკოვი, საპროტესტო აქცია (არქივი)
ფოტო:shutterstock.com
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში Meduza-ს ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდამჭერი საპროტესტო მსვლელობისას, პოლიციამ 420 მოქალაქე დააკავა. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისვლას გეგმავდნენ.
აქცია არ იყო შეთანხმებული მოსკოვის მერიასთან. მსვლელობის მონაწილეებს პოლიცია სასტიკად გაუსწორდა.
По последним данным pic.twitter.com/Ciu5pu5GXe
— ОВД-Инфо (@OvdInfo) June 12, 2019
Meduza-ს ჟურნალისტი ივან გოლუნოვი თავისუფალია. მის მიმართ საქმის გამოძიება 2019 წლის 11 ივნისს შეწყდა.
გამოცემა Меduza-ს კორესპონდენტს ივან გოლუნოვს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკების ფლობასა და გასაღების ფაქტზე წარუდგინეს. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული ბრალდება 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რუსი ჟურნალისტი, რომელიც მოსკოველი მაღალჩინოსნების კორუფციის საქმეს იძიებდა, პოლიციამ 6 ივნისს მოსკოვში დააკავა. 8 ივნისს მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს.
36 წლის ივან გოლუნოვი Меduza-ს კორესპონდენტია. გამოძიების ცნობით, დაკავებისას მას ნარკოტიკული საშუალების შეკვრა აღმოუჩინეს, მეორე პაკეტს კი ჟურნალისტის სახლში მიაგნეს.
დამოუკიდებელი რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემა Meduza-ს ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს.





