დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
ბათუმში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ უკვე დატოვეს კლინიკა და თვითიზოლაციაში იქნებიან.
ერთ-ერთი გამოჯანმრთელებული 78 წლის ქალია. მისი ინფიცირების წყარო ის პაციენტი იყო, რომელიც რამდენიმე დღეა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
საერთო ჯამში აჭარაში კორონავირუსი 15 ადამიანმა დაამარცხა. კლინიკა „მედალფაში“ კი ამ დროისთვის 36 ინფიცირებული რჩება. დღეს კორონავირუსზე ტესტირება 100 ადამიანს ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
საქართველოსი კორონავირუსი 431 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 132 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





