მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე გერმანული კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა
ჯანდაცვა

ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბერლინში, აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში, სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი გერმანული კომპანია Siemens Healthineers-ის წარმომადგენელს, დანიელ ფრიშს შეხვდა.
კომპანია სამედიცინო დიაგნოსტიკის აპარატურის, ლაბორატორიული კვლევებისა და ჯანდაცვის ციფრული ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს. ის სამედიცინო დაწესებულებებს დაავადებების გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების მხრივ არსებული შესაძლებლობები განიხილეს. მსჯელობა შეეხო თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურისა და ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობას დაავადებების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკის სიზუსტისა და პაციენტების ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის პროცესში. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
შეხვედრას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია ესწრებოდა.





