იტალიაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოდან გაწერეს
ჯანდაცვა

დავით ზალკალიანი
ფოტო: IMEDI
იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, საავადმყოფოდან გაწერეს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„იტალიაში გვყავდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაინფიცირებული იყო კორონავირუსით, ის გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ეს ძალიან კარგი ცნობაა ჩვენთვის. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან მაინც უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, ის ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.





