სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და ახლობლებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და ახლობლებს. მომხდართან დაკავშირებით სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა 2026 წლის 2 ოქტომბერს. 2026 წლის 9 ოქტომბერს, 14 საათსა და 35 წუთზე, თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და იატაკზე დაეცა. ამ დროს საკანში მისი ხუთი თანამესაკნე იმყოფებოდა. ამასთან, პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ დერეფანში , საკნის კართან იდგა დაწესებულების სოციალური მუშაკი, რომელიც საკნის კარის სარკმლიდან გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ მსჯავრდებულს ეკონტაქტებოდა. სოციალურმა მუშაკმაც გაიგო საკანში დაცემის ხმა, რაც ნათლად ჩანს დაწესებულების დერეფანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერში ასახულ მის რეაქციაში. შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ერთ წუთში ადგილზე გამოცხადდა დაწესებულების სამედიცინო პერსონალი, რომელმაც ბრალდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. 14 საათსა და 36 საათზე დაწესებულებაში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე მალევე გამოცხადდა. მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მომხდარის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა იმერეთის საოლქო პროკურატურას, რის შემდეგაც ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში






















