ირაკლი წულაია : „საზღვარი ჩვენს ძველ ცხოვრებასთან მიახლოებულ ყოველდღიურობასა და არსებული პანდემიური რიტმის კიდევ დიდხანს გაგრძელებას შორის - ჩვენს გადაწყვეტილებებშია“
წლის შემაჯამებელ გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“, რუბრიკა „ვერიფიკაციის“ ავტორმა ირაკლი წულაიამ, პანდემიასთან გამკლავების საქმეში, მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
„ჩვენი დღევანდელი მიზანია, რბილად რომ ვთქვათ, ყველაზე უდარდელი მოქალაქის, ან უფრო მკაცრად რომ შევაფასოთ ყველაზე უპასუხისმგებლო მოქალაქის გადმობირება, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მხარეს“ - ირაკლი წულაიამ მონოლოგში აღნიშნა, რომ მოსახლეობის მინიმუმ 10% საერთოდ არ ატარებს პირბადეს, პირბადის შეგნებულად არასწორად გამომყენებელთა რიცხვი კიდევ უფრო მეტია, პატრულს კი 2000 -მდე ჯარიმის გამოწერა უწევს ყოვედღიურად.
რუბრიკის ავტორმა მოქალაქეებს შეახსენა, რომ თითოეული მათგანის ტვირთია თითქმის 2 მილიარდ დოლარიანი საგარეო ვალი და ნახევარ მილიარდიანი ჯანდაცვის ხარჯი, რომელიც მხოლოდ კოვიდთან საბრძოლველად გახდა საჭირო. ასევე, ის 6 პროცენტიანი მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნა რომელიც 2020 წელს დაფიქსირდება და თუნდაც ის ზიანი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მოადგა ქვეყანას გლობალური ვაჭრობის, უცხოური ინვესტიციების, ტურიზმის თუ სხვათა შედეგად:
- 2020 წელს ბიუჯეტმა ვერ მიიღო მინიმუმ 1.2 მილიარდი ლარის დაგეგმილი შემოსავალი
- ექსპორტიდან დაგვაკლდა დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის შემოსავალი
- ტურიზმმა ვერ მიიღო დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი
ფინანსები, რომელიც წესით უკეთეს პენსიას, ახალ სკოლებსა და ბაღებს, ბიზნესის გაძლიერებას თუ ათასობით სხვა საკითხს უნდა მოხმარებულიყო კოვიდმა შეიწირა:
- კომუნალური გადასახადების სუბსიდირება - 430 მილიონ ლარზე მეტი
- სახელფასო კომპენსაციები - 350 მილიონ ლარზე მეტი
- სოციალური ჯგუფების დახმარება - 400 მილიონი ლარი
- ბიზნესის მხარდასაჭერი პროგრამები - 1.6 მილიარდი ლარი
„თითოეული, დამატებით ინფიცირებული ადამიანი, ეს არის: დროში საშუალოდ მომდევნო 2 კვირით გაგრძელებული პანდემია, საშუალოდ 2-დან 3 ათასამდე იძულებით მკურნალობის ხარჯი, გადატვირთული ჯანდაცვის სისტემა, სადაც სასწრაფო დროულად ვერ ასწრებს გამოძახებაზე პაციენტების განუსაზღვრელი რაოდენობით მოზღვავების გამო, წინა წელთან შედარებით ორი მილიონი ზარით არის გაზრდილი 112-ში გამოძახები“
ირაკლი წულაია კოვიდ ურჩ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ვაქცინაციამდე ღირსეულად მისვლაა საჭირო, ვაქცინა კი ძალიან ახლოსაა.