ირაკლი წულაია: „სახელმწიფოს უსაფრთხოება ბიზნესის უსაფრთხოებასაც ნიშნავს და საქართველოს ყველა მოქალაქისაც“
- ირაკლი წულაია: არასწორია მსჯელობა, რომ სახელმწიფო კერძო ბიზნესში ერევა
- ირაკლი წულაია: სწორედ კომუნიკაციების კომისიის რეფორმების ფარგლებში დღეს საქართველო მსოფლიოში იმ ქვეყანებს შორისაა, სადაც ყველაზე სწრაფად შეგიძლია შექმნა ტელევიზია და მიიღო ლიცენზია
- ირაკლი წულაია: როცა კომპანიები არ ითვალისწინებენ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებებს, საჭიროა რაღაც შუალედური და მეტნაკლებად დაბალანსებული ბერკეტი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად
რამდენიმე დღეა პარლამენტში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით ხმაურიანი განხილვა მიმდინარეობს. აზრთა სხვადასხვაობა და კერძო კომპანიების პროტესტი განსაკუთრებით ერთმა ცვლილებამ გამოიწვია, კერძოდ:
კანონპროექტის თანახმად, თუ მარეგულირებელი კომისიის მიერ ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მმართველის დანიშვნა ორწლიანი ვადით შეუძლია.
ერთი შეხედვით, ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს შეზღუდვა და სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის გაკონტროლების მცდელობაა. მაგრამ მხრივ ნათლად ჩანს, რომ საქმე ცოტა სხვაგვარადაა.
აი, მაგალითად: „კავკასუს ონლაინი“ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელია. ეს ნიშნავს რომ ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან აქტივს ფლობს. სწორედ კომპანიამ გაასხვისა აქტივები და უცხო ქვეყნის რეზიდნეტზე გააფორმა კომპანიის წილი.
საკმარისია ყურადღება გავამახვილოთ მონაკვეთზე - „თუ ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას“ მივხვდებით, რომ ამ ცვლილების მიზანი, პირველ რიგში საერთო სისტემის გაუმჯობესებაა.
რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და კომპანია გადაწყვეტილებებს მაინც არ ემორჩილება? აღმოჩნდა, რომ ასეთ შემთხვევაში მიმდინარე კანონმდებლობის თანახმად, აღსრულებისთვის სახელმწიფოს არანაირი ბერკეტი აღარ გააჩნია. გარდა ერთისა, შეუჩეროს კომპანიას ლიცენზია და ჩამოართვას მოქმედების უფლება. რაც „კავაკსუს ონლაინის“ შემთხვევაში გამოიწვევს ქვეყნის უმეტესი მომხარებლის ინტერნეტიდან გათიშვას.
რასაკვირველია ეს არც კომპანიის, არც სახელმწიფოს და მითუმეტეს, არც მომხმარებლების ინტერესებში არ შედის.
როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ჯარიმის დაკისრება ხშირად არასაკმარისი ქმედებაა. ვინაიდან კომპანიები არ ითვალისწინებენ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებებს, საჭიროა რაღაც შუალედური და მეტნაკლებად დაბალანსებული ბერკეტი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.
შესაბამისად არასწორია მსჯელობა, რომ სახელმწიფო კერძო ბიზნესში ერევა.
სახელმწიფო, ისევე როგორც ნებისმიერი ცოცხალი სისტემა ამ სამყაროში, ცდილობს შექმნას უფრო დახვეწილი და ეფექტიანი თავდაცვითი სისტემები.
მითუმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია და ჩვენზე არაერთი კიბერთავდასხმა ხორციელდება.
აბსოლუტურად გასაგებია ბიზნესის პოზიციაც. თუ სახელმწიფო მოქმედების ძირითადი ინსტიქტი არის თავდაცვა, ბიზნესის შემთხვევაში ესაა მეტი მოგება. შესაბამისად, მას ურჩევნია იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, არ იყოს ანგარიშვალდებული არავისთან, ვისაც უნდა და როგორც უნდა ისე მიყიდოს მის ხელთ არსებული მატერიალური თუ არამატერიალური ქონება.
ეს ბუნებრივია, ეს ჯანსაღია. მაგრამ როდესაც ეს ორი ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, აუცილებელია მოვლენების უფრო ფართო ჭრილში დანახვა და იმის გაცნობიერება, რომ სინამდვილეში სახელმწიფოსა და იქ მოღვაწე ბიზნესის ინტერესები აბსოლუტურ თანხვედრაშია ერთმანეთთან. სახელმწიფოს უსაფრთხოება ბიზნესის უსაფრთხოებასაც ნიშნავს და საქართველოს ყველა მოქალაქისაც.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბერკეტი დადებით შედეგს მოიტანს თუ უარყოფითს, თავიდან ბოლომდე იმაზეა დამოკიდებულია, თუ ვის უპყრია ეს ბერკეტი. იმედია ამ ბერკეტს ხელთ ის პოლიტიკოსები არ ჩაიგდებენ, ვინც ახლა ამ ცვლილებებს არაკონსტიტუციურს უწოდებს. თავისი მმართველობის დროს ყველა ტელევიზია თუ კომპანია საკუთარი გავლენის ქვეშ ყავდათ მოქცეული.
აქვე შეგახსენებთ, რომ სწორედ კომუნიკაციების კომისიის რეფორმების ფარგლებში დღეს საქართველო მსოფლიოში იმ ქვეყანებს შორის არის, სადაც ყველაზე სწრაფად შეგიძლია შექმნა ტელევიზია და მიიღო ლიცენზია. ეს რაც შეეხება ტელემაუწყებლობას.
რაც შეეხება ვირტუალური ოპერატორების დაშვებას, საქართველოში ნებისმიერ პირს შეუძლია შემოვიდეს აღნიშულ ბაზარზე, რასაც ასე აპროტესტებდნენ დიდი კორპორაციები. ეს ბარიერიც მოხსნილია.
რაც შეეხება მობილურ კავშირებს, სწორედ კომუნიკაციის კომისიის გადაწყვეტილებით, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ურთიერთჩართვის ტარიფები 11-დან 2.5 თეთრამდე შემცირდა. მობილური და ფიქსირებული მომსახურების საბითუმო ინტერნეტის ფასი კი 31 ლარიდან 9 ლარამდე.
როგორც ჩვენი წინაპრები ამბოდბნენ ადამიანები ქმედებებით უნდა შეაფასოო. მხოლოდ ჩემს მიერ ნახსენები გადაწყვეტილებებია საკმარისი იმის განსასაზღვრად, რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ბიზნესისა და სახელმწიფო ინტერსი ერთმანეთში იკვეთება.