უბედური შემთხვევა გუდაურში
გუდაურში მომხდარ, სავარაუდოდ, უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 ადამიანი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილ საძინებელ სივრცეში, ნანახი იქნა, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი. პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ასევე, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც, სავარაუდოდ, მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.