მიხეილ ყაველაშვილის განცხადება
ყურადღებით გავეცანი ქალბატონი ელჩის პასუხს და გამოგიტყდებით, რომ გაოცებული დავრჩი იმ დაუფარავი გაღიზიანებით, რომელიც მასში ჩემს მიერ, საქართველოს დეპუტატის მიერ დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია. ამის შესახებ ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს დამოუკიდებელი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი. მისივე თქმით, ასევე გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს ქალბატონი ელჩი. ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გუშინ კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. წერილში წერია, რომ ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“. განცხადება გააკეთა კელი დეგნანმაც. მისი თქმით, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“. როგორც დეგნანმა აღნიშნა, წერილი ბოლომდე ვერც კი წაიკითხა.