იტალიელი კიმი ანტონელი „ფორმულა 1“-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა
სპორტი

Reuters
იტალიელი ავტომრბოლელი, კიმი ანტონელი „ფორმულა 1-ის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. Mercedes-ის პილოტმა კვირას გამართული მექსიკის გრან-პრი მესამე ადგილზე დაასრულა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საერთო ჩათვლაში მისი 119-ქულიანი უპირატესობა მიუწვდომელი გამხდარიყო.
ტრიუმფის დღეს იტალიელი მრბოლელის ასაკი 20 წელი და 69 დღე იყო. ანტონელიმდე „ფორმულა 1-ის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონის ტიტულს გერმანელი სებასტიან ფეტელი ატარებდა, რომელმაც ოთხიდან თავისი პირველი ტიტული 2010 წელს, 23 წლისა და 134 დღის ასაკში მოიპოვა.
Mercedes-ის წარმომადგენელი გახდა მესამე იტალიელი „ფორმულა 1-ის“ ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და პირველი - 1953 წლის შემდეგ. 1950 წელს ჩემპიონობა ჯუზეპე ფარინამ მოიპოვა, ხოლო 1952-1953 წლებში - ალბერტო ასკარიმ.
ანტონელის დებიუტი ავტორბოლის ამ კლასში 2024 წელს, Mercedes-ის ტესტ-პილოტის სტატუსით შედგა. ერთი წლის შემდეგ მან სამჯერ შეძლო პოდიუმზე ასვლა და სეზონი 150 ქულით მე-7 პოზიციაზე დაასრულა. მიმდინარე სეზონში კი - მექსიკის გრან-პრიმდე - იტალიელმა მრბოლელმა პოდიუმის უმაღლესი საფეხური უკვე ცხრაჯერ დაიკავა, ხოლო ეტაპები მე-2 და მე-3 ადგილებზე სამ-სამჯერ დაასრულა.





