პრეზიდენტი: მთავარი გზა, რომელსაც ქართველმა ერმა დიდი ხნის წინ დაუდო საფუძველი, სწორედ ამ გზაზეა ჩვენი გადარჩენა და მომავალი. ეს გზა მდგომარეობს იმაში, რომ გარდა ხილული გამოწვევებისა, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა
საზოგადოება

ვიდეო/კადრი
გილოცავთ გიორგობას, ჩვენი ერისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ქრისტიანულ დღესასწაულს, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბოდბის წმინდა ნინოს ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვის და პატრიარქის ქადაგების დასრულების შემდეგ მოსახლეობას.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ქართველ ერს გამორჩეულად უყვარს წმინდა გიორგი.
„წმინდა გიორგი ქრისტესთვის მებრძოლი უტეხი სული, მტკიცე რწმენა, ბოროტებაზე სიკეთით გამარჯვების მარადიული სიმბოლოა. უდიდესია მისი წვლილი ქრისტიანულ სამყაროში. ჩვენმა ერმა მისი ამ გამორჩეული ცხოვრების, ღვაწლისა და მოწამებრივი სიცოცხლისთვის შეიყვარა. შეიყვარა ისე, როგორც საკუთარი არსი და დაუკავშირა ჩვენი ერის ცხოვრება, არსებობა წმინდა გიორგის ცხოვრებას, მოღვაწეობას და მოწამებრივ აღსასრულს. იმიტომაც არის გამორჩეული წმინდა გიორგის სახელი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ერში. ასევე ჩვენი მებრძოლები, როცა უთანასწორო ბრძოლაში მიდიოდნენ, გამოუვალ სიტუაციებშიც არა მხოლოდ ზეციურ მფარველად მიაჩნდათ, არამედ როგორც თანამებრძოლი და წინამბრძოლი. ეს ჩვენმა არაერთმა მართლაც საკვირველმა ბრძოლამ დაგვანახვა, რამხელა ძალა აქვს რწმენას, ქრისტეს რწმენას, წმინდა გიორგის რწმენას და აქამდე მოვიდა ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა.
უნდა დავფიქრდეთ თითოეული ჩვენგანი, რა არის ჩვენი ცხოვრების მისია. სწორედ აქ არის აუცილებლად გასააზრებელი, რომ ამ გამოწვევებში, რომელიც მსოფლიოში არსებობს, ჩვენი პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის ერი მუდმივად იქნება ამ გამოწვევების წინ. მაგრამ მთავარი გზა, რომელსაც ქართველმა ერმა დიდი ხნის წინ დაუდო საფუძველი და უწმინდესმა ბრძანა, რომ ჩვენი სახელმწიფოს გაქრისტიანების 1700 წელს აღვნიშნავთ, სწორედ ამ გზაზეა ჩვენი გადარჩენა და მომავალი. ამიტომ თანამედროვე ეპოქაში მცხოვრებ ამ ქვეყნის შვილებმა უნდა გავიაზროთ და დაფიქრდეთ და გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების გზა. ეს გზა მდგომარეობს იმაში, რომ გარდა ხილული გამოწვევებისა, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა. ამის მაგალითია წმინდა გიორგი. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





