შიო მესამე: დღეს ჩვენ არ მოგვეთხოვება სისხლიანი მოღვაწეობა, რადგან არავინ გვემუქრება სიკვდილით ქრისტეს ერთგულების გამო, თუმცა არც დღეს არის იოლი იყო ნამდვილი ქრისტიანი, რადგან ვისაც სურს ქრისტიანული ცხოვრება, ის აწყდება ბევრ წინააღმდეგობას, შევიწროებას, შეურაცხყოფას და დევნას ამ წუთისოფლისგან
საზოგადოება

შიო მესამე
ფოტო: IMEDI/ ვიდეოკადრი
გილოცავთ ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან საყვარელ დღესასწაულს, გიორგობას. დღეს ჩვენ დიდი სიხარული გვაქვს, რადგან გადავწყვიტეთ გიორგობა აღგვენიშნა წმინდა ნინოს მონასტერში, სადაც დაკრძალულია მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო და ამით წმინდა გიორგისთან ერთად წმინდა ნინოც გვედიდებინა, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ გიორგობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებისას.
მისივე თქმით, წმინდა ნინოს ჰქონდა განსაკუთრებული სიყვარული და სასოება წმინდა გიორგის მიმართ. ისინი ხორციელი ნათესავებიც იყვნენ.
„დღეს ჩვენ ვფიქრობთ მოწამეთა ღვაწლზე. ამ ცხოვრებაში, როგორც წესი, ჭკვიან და პრაქტიკულ ადამიანად მიიჩნევენ ისეთს, ვინც მის წინაშე არსებული შესაძლებლობებიდან ირჩევს მისთვის ყველაზე ხელსაყრელს. ასეთი ადამიანებისთვის, რომლისთვისაც მიწიერი კეთილდღეობა მთავარი ფასეულობაა, გაუგებარი და მიუღებელია წმინდა გიორგის და სხვა წმინდანების არჩევანი.
წმინდა გიორგის წინაშე, ისევე როგორც სხვა დიდი მოწამეების წინაშე, იყო ყოველგვარი ამქვეყნიური კეთილდღეობა და შესაძლებლობები. ის ძალიან წარჩინებული იყო მეფის კარზე და ამქვეყნიური კეთილდღეობის თვალსაზრისით, თითქოს მათი არჩევანი იყო არასწორი და თითქოს არც იყო არჩევანი გასაკეთებელი, თუმცა წმინდა გიორგიმ და სხვა მოწამეებმა სხვა არჩევანი გააკეთეს.
სულიერების და მარადისობის თვალსაზრისით ისინი ბევრად გონიერნი აღმოჩნდნენ მათ მტანჯველებზე, რადგან აირჩიეს დროებითი ტანჯვა იმისთვის, რომ მარადიულად ღმერთთან გაეხარათ.
დღეს ჩვენ არ მოგვეთხოვება ასეთი სახის სისხლიანი მოღვაწეობა, რადგან არავინ გვემუქრება სიკვდილით ქრისტეს ერთგულების გამო, თუმცა არც დღეს არის იოლი იყო ნამდვილი ქრისტიანი, რადგან, ვისაც სურს ქრისტიანული ცხოვრება, ის აწყდება ბევრ წინააღმდეგობას, შევიწროებას, შეურაცხყოფას და დევნას ამ წუთისოფლისგან.
ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსაც შორდება ეს წუთისოფელი, ვერ გუობს და განაგდებს თავისგან ადამიანს, რომელიც მიისწრაფვის უფლისა და სულიერებისკენ. უფალმა ბრძანა, „ვინც მაღიარებს მე წინაშე კაცთა, მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე. და ვინც უარმყოფს წინაშე კაცთა, მეც უარვყოფ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე“. ღვთის უარყოფა ისეთი მძიმე ცოდვაა, რომ ამის ჩამდენ ადამიანსაც უარყოფის მარადიულ ბეჭედს ასვამს, თუ არ მოინანიებს ის ამ ცოდვას“, - აღნიშნა პატრიარქმა.





