„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო - ტრაგედიებით მკვებავ „პოლიტიკურ“ ჯგუფებს მოვუწოდებთ, ამ მძიმე წუთებში მაინც შეწყვიტონ საკუთარი ამორალური სახის დემონსტრირება!
საზოგადოება
ფოტო: ერთიანი ნეიტრალური საქართველო
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
პარტია განსაკუთრებულ მადლობას უხდის მაშველებს.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მეხანძრე-მაშველებს და შსს-ს, რომლებმაც ურთულეს პირობებში პროფესიონალურად და თავდაუზოგავად იმუშავეს, დახმარება აღმოუჩინეს დაშავებულებს და ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენა შეძლეს.
ტრაგედიებით მკვებავ „პოლიტიკურ“ ჯგუფებს მოვუწოდებთ, ამ მძიმე წუთებში მაინც შეწყვიტონ საკუთარი ამორალური სახის დემონსტრირება!" - ნათქვამია განცხადებაში.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა, ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.





