რევაზ სოხაძე: დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია სატრანზიტო ფუნქციისთვის და ასევე ეს იქნება თბილისისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც განტვირთავს საცობებს
საზოგადოება

რევაზ სოხაძე
ფოტო: ინფრასტრუქტურის სამინისტრო
პრემიერის განცხადება დაყრდნობილია იმ ფაქტებზე, რომელიც გვაქვს და ბუნებრივია, ეს არის დავალებაც ჩვენთვის, რომ 5 წელიწადში ყველა ის მაგისტრალური გზა დასრულდეს, რომელზედაც მშენებლობა უკვე მიმდინარეობს ან უახლოეს მომავალში დაიწყება, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „დღის ქრონიკაში“, რითაც უპასუხა კითხვას - რამდენიმე დღის წინ პრემიერმა დაასახელა 5-წლიანი გეგმა სატრანზიტო კუთხით - რამდენად რეალისტურია 5-წლიანი გეგმა, იმ რელიეფური სირთულეებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ახასიათებს?
მან ილაპარაკა იმ საგზაო მშენებლობებზე, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება და ასევე მიმდინარე პროექტებზე.
„იანვარ-თებერვალში დაიწყება სარფის გვირაბის მშენებლობა, რომელიც ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილს სატრანზიტო მოძრაობას ააცილებს; უახლოეს კვირებში, თვეებში დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია როგორც სატრანზიტო ფუნქციისთვის, ასევე ეს იქნება თბილისისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც განტვირთავს საცობებს; უახლოეს პერიოდში დაიწყება კახეთის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთების მშენებლობა - ბადიაურიდან ბაკურციხის მიმართულებით. დასრულდება ჩალაუბანი-ბადიაურის მონაკვეთი ალბათ მომავალი წლის ზაფხულისთვის; უახლოეს პერიოდში დაიწყება რუსთავი-სადახლოსა და რუსთავი-წითელი ხიდის მიმართულებით სამშენებლო სამუშაოები; უახლოეს პერიოდში გურჯაანი-თელავისა და გურჯაანი-სიღნაღი-წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით დაიწყება მშენებლობა. პროექტების ჩამონათვალი ძალიან დიდია და აქტიურად ვმუშაობთ, რომ 5 წელიწადში ძირითადი მაგისტრალები დასრულდეს.
რა თქმა უნდა, განვითარება და ახალი სატრანსპორტო ქსელით ჩვენი ქვეყნის უზრუნველყოფა შემდეგშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ ეკონომიკური წინსვლა მუდმივად გაგრძელდეს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ პროექტებში ქართული კომპანიები იყვნენ ჩართულები. სამომავლოდ ეს კომპანიები გადაიქცევიან საექსპორტო პოტენციალად ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ქართული კომპანიები სხვა ქვეყნებში განახორციელებენ რთულ საინჟინრო პროექტებს“, - აღნიშნა სოხაძემ.





