გივი მიქანაძემ გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართა
საზოგადოება

ფოტო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ბარბარა ფოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა განიხილეს და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
„გივი მიქანაძემ ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების ძირითადი საკითხების შესახებ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გერმანიის მიერ საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ამ მხრივ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ამასთან, მხარეებმა ქართულ სკოლებში გერმანული ენის სწავლების ხელშეწყობისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის კავშირის გაძლიერების ხელშეწყობაზე, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, აკადემიური მობილობისა და სამეცნიერო კვლევების მხრივ. შეხვედრის ფარგლებში მსჯელობა შეეხო ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობას, ამასთან, ამ კუთხით გერმანული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ გააგრძელონ თანამშრომლობა და განახორციელონ ახალი ერთობლივი ინიციატივები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





