ბექა გელენავამ საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენის დროს განაცხადა, რომ სამაჟორიტარო ბიუროში იგი აქტიურად ხვდება მოსახლეობას, ეცნობა მათ საჭიროებებს და უშუალოდ არის ჩართული მათ მოგვარებაში
საზოგადოება

ბექა გელენავა
ფოტო: თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ზედა ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა გელენავამ მოსახლეობას 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში გააცნო.
დეპუტატმა საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე სარევიზიო კომისიების საქმიანობა მიმოიხილა, რის შემდეგაც ბექა გელენავამ მოსახლეობას თავის სამაჟორიტარო ოლქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
თავის გამოსვლაში ბექა გელენავამ პროფესიულ კოლეჯ „სქილვილში“ ვიზიტის შესახებ ილაპარაკა, რომელიც თბილისის მერიის პროგრამა — „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში შედგა. ბექა გელენავამ მოსახლეობას აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ პროგრამა მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას პროფესიულ კოლეჯებსა და სასწავლო ცენტრებში დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს. დეპუტატის თქმით, სამაჟორიტარო ბიუროს პროგრამაში ჩართვის სურვილით 50-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიმართა. როგორც ბექა გელენავამ განაცხადა, მან ახალგაზრდებს აღნიშნული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და თავისი მანდატის ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმარა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, სამაჟორიტარო ბიუროში იგი აქტიურად ხვდება მოსახლეობას, ეცნობა მათ საჭიროებებს და უშუალოდ არის ჩართული მათ მოგვარებაში. ბექა გელენავას თქმით, ერთი წლის განმავლობაში, სოციალური პროგრამების ფარგლებში დახმარება სულ 3 602 მოქალაქეს გაეწია. დახმარება ძირითადად სამედიცინო და მედიკამენტების დაფინანსებას, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას და სამშენებლო სფეროს მოიცავდა.
რაც შეეხება ზედა ვაკეში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ბექა გელენავას თქმით, ვაკის რაიონის გამგეობის მიერ საანგარიშო პერიოდში 6 სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც ჩატარდა საგზაო სამუშაოები, მოეწყო სპორტული მოედნები და დასასვენებელი სივრცეები.
ამას გარდა, ბექა გელენავას განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურა საანგარიშო პერიოდში 30 მისამართზე მოეწყო, მათ შორის დეპუტატმა ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების გადაკვეთაზე ჩატარებული სამუშაოები გამოყო, რომლის ფარგლებშიც, დეპუტატის თქმით, ასფალტის საფარი 3 200 კვ.მ-ზე განახლდა, მოეწყო გადასასვლელები, უსაფრთხოების კუნძულები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. რამდენიმე მისამართზე გაკეთდა საყრდენი კედლები.
დეპუტატმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზეც ილაპარაკა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მისამართებზე ჩატარდა ლიფტების რეაბილიტაცია; მოეწყო წყალ-კანალიზაციის ქსელები; დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები; შეკეთდა სახურავები, ამოივსო ნაპრალები და გაკეთდა სადარბაზოების რემონტი.
რაც შეეხება დასასვენებელი სივრცეების მოწყობას, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, დეპუტატის თქმით, ზედა ვაკეში სარეკრეაციო სივრცეები 5 მისამართზე მოეწყო. ბექა გელენავამ განსაკუთრებული ყურადღება ვაჟა-ფშაველას გამზირის III კვარტალში მდებარე დასასვენებელ სივრცეზე გაამახვილა, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება დასასვენებელ სივრცეს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს.
ბექა გელენავას 2025-2026 წლის საქმიანობის ანგარიშის გაცნობას თბილისის საკრებულოს წევრები, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, პარლამენტის წევრი ზუკა რურუა და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.





