მარიამ ლაშხი მედია- და ინფორმაციული წიგნიერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
საზოგადოება

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ფორუმზე - „თითოეულის როლი მნიშვნელოვანია - მედიაწიგნიერება ყველასთვის“ სიტყვით გამოვიდა.
მარიამ ლაშხმა მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე, ციფრულ სივრცეში ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებსა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ილაპარაკა. მისი განცხადებით, ციფრულ გარემოში ბავშვთა უფლებების დაცვა როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული პასუხისმგებლობაა.
მარიამ ლაშხმა ხაზი გაუსვა სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბავშვების ინფორმირება ცოდნისა და გამოცდილების მათი ოჯახის წევრებისთვის გაზიარების შესაძლებლობასაც ქმნის.
ფორუმის ფარგლებში თემატური დისკუსია გაიმართა თემაზე - „მედია და ინფორმაციული წიგნიერება, როგორც საერთო პასუხისმგებლობა“. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე განიხილეს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების საკითხები, გაეცნენ მედიაწიგნიერების ახალ ეროვნულ სტანდარტსა და გზამკვლევს.
ფორუმი - „თითოეულის როლი მნიშვნელოვანია - მედიაწიგნიერება ყველასთვის”, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანია მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ მხრივ სახელმწიფო უწყებების, საგანმანათლებლო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და მოქალაქეების თანამშრომლობისთვის ხელშეწყობა.





