გიორგი ტყემალაძე: უახლოეს მომავალში ვიწყებთ მარჯანიშვილის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას და ამ პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეები გველის
საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე
ფოტო: იმედი/კადრი
უახლოეს მომავალში ვიწყებთ მარჯანიშვილის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას და ამ პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეები გველის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ.
მისი თქმით, არის კონკრეტული შეთავაზებები, რომ ამ ტერიტორიაზე მყოფ გარემოვაჭრეებს ბაზრობებზე გამოეყოფათ ადგილები, სადაც ექნებათ საქმიანობის შესაძლებლობა და არ დარჩებიან შემოსავლის გარეშე.
„დედაქალაქის მერია, მუნიციპალური ინსპექცია ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენი ქალაქის იერსახე მაქსიმალურად შეეფერებოდეს იმ მოთხოვნებს, რაც არის ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდან. მარჯანიშვილის მოედანი, აღმაშენებლის გამზირი არის ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი არეალი. უახლოეს მომავალში ვიწყებთ მარჯანიშვილის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას და ამ პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეები გველის.
გარემოვაჭრეებთან მიმართებით, ერთის მხრივ, ვართ თხოვნით და მოთხოვნით, რომ ყველამ დავიცვათ კანონმდებლობა და მაქსიმალურად ერთად დავიცვათ ჩვენი ქალაქი უწესრიგობისგან და ყველაფერი იყოს მოქცეული იმ საკანონმდებლო ჭრილში, რაც არის მოთხოვნილი. არავითარ შემთხვევაში ეს არ ხდება ალტერნატიული შეთავაზებების გარეშე. ზუსტად ამაზე ილაპარაკა დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, რომ ამ ადამიანების მიმართ იქნება კონკრეტული შეთავაზებები. არის კონკრეტული შეთავაზებები, რომ ბაზრობებზე გამოეყოფათ ადგილები და ექნებათ თავიანთი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა არ დარჩნენ შემოსავლის გარეშე“, - აღნიშნა ტყემალაძემ.





