გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებით, პრემიერის ახალი ინიციატივის ფარგლებში, დევნილები ბინის შესაძენად კომპენსაციას მიიღებენ იმის მიუხედავად, მათ აქვთ თუ არა შეძენილი ქონება თავისი სახსრებით. მთავარი პრინციპია ის, რომ დევნილებს სახელმწიფოსგან ამ მიზნით კომპენსაცია უკვე არ ჰქონდეთ აღებული
საზოგადოება

გიორგი ცაგარეიშვილი
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განმარტა ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც დევნილებისთვის ბინის შესაძენად კომპენსაციები გაიცემა.
ცაგარეიშვილის ინფორმაციით, პრემიერის ახალი ინიციატივის ფარგლებში, დევნილები ბინის შესაძენად კომპენსაციას მიიღებენ იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ შეძენილი ქონება თავისი სახსრებით, მთავარი პრინციპია ის, რომ მათ სახელმწიფოსგან ამ მიზნით კომპენსაცია უკვე არ ჰქონდეთ აღებული.
„ორი ამოსავალი პრინციპია - შენ არ უნდა გქონდეს მიღებული სარგებელი და უნდა იყო დევნილი. სხვა კრიტერიუმი ჩვენ გამოვრიცხეთ, რათა პროგრამის განხორციელება სწრაფად მომხდარიყო და ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერები მოგვეხსნა კომპენსაციის მიღების გზაზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, იყვნენ დევნილები, რომლებსაც არ მიუღიათ კომპენსაცია და არ უსარგებლიათ რაიმე სახის პროგრამებით, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა ისეთი პროგრამის შემუშავება, რომელიც გასწვდებოდა ყველას, განურჩევლად იმისა, მათ აქამდე ჰქონდათ შეძენილი საკუთრება, თუ - არა.
გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, კომპენსაცია ეკუთვნის იმ დევნილ მოქალაქეს, რომელსაც ბოლო 35 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან რაიმე სარგებელი არ მიუღია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ეხებათ იმ ადამიანებსაც, ვისაც სახლი პირადი სახსრებით აქვთ შეძენილი.
„ჩვენ უკვე 19 ოქტომბრიდან, 09:00 საათიდან, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე განთავსებული იუსტიციის სახლების მეშვეობით, ელექტრონული ფორმით, მივიღებთ განაცხადებს. დავიწყებთ მათ დამუშავებას და კომპენსაცია გაიცემა განაცხადების შემოტანის რიგითობის მიხედვით“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, განაცხადების მიღება 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. დაახლოებით, 17 დეკემბრიდან კი დაიწყება კომპენსაციების გაცემა.
„ვვარაუდობ, რომ 2000-ზე მეტი ოჯახი პირველივე დღეებში დააფიქსირებს განაცხადს და მივყვებით ჩვენ შემდეგ რიგითობის მიხედვით. მონიტორინგი სწრაფად განხორციელდება. არაუგვიანეს 45-ე დღისა, დაიწყება თანხების ჩარიცხვა, თუმცა შესაძლოა მანამდეც ჩაირიცხოს. „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშებზე ჩაირიცხება. არავითარი ზედმეტი დანახარჯი ბანკში ამ ადამიანებს არ დასჭირდებათ. ისედაც ერიცხებათ თავიანთ ბარათებზე“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ამ პროგრამისთვის მთავრობის მიერ 58 მლნ ლარია გამოყოფილი. შესაბამისად, რიგითობის მიხედვით დაკმაყოფილდება განაცხადები, სანამ თანხა არ ამოიწურება.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეს პროგრამა გაგრძელდება მომავალ წელსაც და შემდეგ წლებშიც, სანამ ერთი დევნილი ოჯახი მაინც იქნება ამ პროგრამაში ჩართვის მოსურნე. „2027 წლიდან გაგრძელდება იმ რიცხვიდან რიგითობის მიხედვით, სადაც დასრულდება 2026-ში მაგალითად, თუ ჩვენ გავეცით 2025 დევნილ ოჯახზე წელს, შემდეგ უკვე თებერვალ-მარტის თვეებში მეორე ეტაპი დაიწყება 2026-ე ოჯახიდან კომპენსაციების გაცემა“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გარდა სახლებითა და ბინებით დაკმაყოფილებისა, ხელისუფლება დევნილ ოჯახებს ფულად კომპენსაციებს სთავაზობს. კერძოდ, მათ საშუალება ექნებათ, აიღონ კომპენსაცია ან დაელოდონ ბინით უზრუნველოყოფას. მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი, საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე.





