2026 წელს შიდა ქართლის რეგიონში წყალუზრუნველყოფა 11 591 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება
საზოგადოება
ფოტო: შპს „საქართველოს მელიორაცია“
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2026 წელს შიდა ქართლში 24,4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტებს განახორციელებს.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით. სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გარკვეულ მონაკვეთებსა და ძამის დიუკერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მოეწყო ავარიული წყალსაგდები კვანძებიც. პროექტის ღირებულებამ 5 333 558 ლარი შეადგინა.
ქარელის მუნიციპალიტეტში დასრულდა კიდევ ერთი პროექტი სალთვისის სარწყავი სისტემის მთავარი გამანაწილებლის დიუკერის რეაბილიტაცია (ჟინვალის ტერიტორიაზე მდებარე მელიორაციის მილის გადატანა), რომლის ღირებულებაც 742 955 ლარია.
კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ამჟამად ხორციელდება 5 კაპიტალური პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 11,4 მილიონ ლარს შეადგენს.
კასპის მუნიციპალიტეტში, ნიჩბისი-ხანდაკის მექანიკური სარწყავი სისტემის სადაწნეო მილსადენის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდინარეობს დოეს გრაკალის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სათავე ნაგებობის მოწესრიგებისა და ფილტრაციული მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებიც.
ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს შაქშაქეთის დიუკერის ავარიული წყალგამშვები ფარისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, გარდა ამისა, სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე მოეწყობა ხიდიც.
ხაშურის მუნიციპალიტეტში კი ხორციელდება ტაშისკარის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთების საპროექტო პარამეტრებთან შესაბამისობაში მოყვანისა და აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე საავტომობილო გადასასვლელის მოწყობის გარდა, ოთხივე პროექტი დასრულდება 2027 წელს, რის შედეგადაც ჯამში 9 835 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
2026 წელს აგრეთვე იგეგმება 3 კაპიტალური პროექტის დაწყება, კერძოდ: გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია, ასევე ნადარბაზევის წყალსაცავის წყალმიმღები კოშკისა და წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის გამანაწილებელი არხების რეაბილიტაცია. ხაშურის მუნიციპალიტეტში კი, სოფელ ახალსოფელში მდებარე ტაშისკარის სარწყავი სისტემის გამანაწილებელი არხის რეაბილიტაცია განხორციელდება.
დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 6,9 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულების შედეგად, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება 1 650 ჰექტარ სასოფლო-სამურნეო მიწის ფართობზე.
კაპიტალურ პროექტებთან ერთად, შიდა ქართლში აქტიურად მიმდინარეობს სარწყავი სისტემების საექსპლუატაციო სამუშაოებიც. იწმინდება სამელიორაციო არხები და მილსადენები, წესრიგდება ჰიდროტექნიკური ნაგებობები და საჭიროების შემთხვევაში, ახლით იცვლება მოძველებული ინფრასტრუქტურული ელემენტები.
სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოები ხელს უწყობს სარწყავი სისტემების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ფერმერებისთვის სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას.





