სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
საზოგადოება

ფოტო: Getty Images
სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს.
ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგი ცნობილია.
ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის:
- ხილ-ბოსტნეული;
- რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი);
- ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი);
- მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი.
კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა:
- მძიმე მეტალები;
- ნიტრატები;
- მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა - დადებითი სტაფილოკოკი).




