შიო მესამე: წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საკვირველი წმინდანი კაცობრიობის ისტორიაში. შეიძლება ითქვას, ამ სამყაროში არაფერი დაწერილა იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი, სადაც ის დასაწყისშივე ამბობს, რომ სიტყვა არის ღმერთი
საზოგადოება

შიო მესამე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და საკვირველი წმინდანი კაცობრიობის ისტორიაში, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ქადაგებისას.
მისი თქმით, არავის არ განუცხადებია კაცობრიობის წინაშე, ასე ძლიერად უფალი იესო ქრისტეს საღვთო ბუნების შესახებ, როგორც ეს იოანე მოციქულმა გააკეთა.
„შეიძლება ითქვას, რომ ამ სამყაროში არაფერი დაწერილა იმის მსგავსი და იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი, სადაც ის დასაწყისშივე ამბობს, რომ სიტყვა არის ღმერთი, სიტყვა ღვთისა არის ღმერთი და ეს სიტყვა იწოდებოდა იესო ქრისტედ“, - აღნიშნა შიო მესამემ.
მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას აღნიშნავს. ეკლესიის სწავლებით, ის ქრისტეს მოციქული იყო და მის მიერ აღსრულებული სასწაულების მომსწრე. წმინდანი თან ახლდა მაცხოვარს გეთსამანიის ბაღში შეპყრობისას და გოლგოთაზე ჯვარცმისას. მორწმუნეთა თხოვნით მან ჩაწერა ყველაფერი, რასაც სიტყვიერად ქადაგებდა და ამრიგად სამი უკვე ცნობილი სახარება მეოთხე სახარებით შეავსო. ქრისტეს მოციქულებიდან იოანემ ყველაზე მეტხანს იცოცხლა და მათ შორის იყო ერთადერთი, რომელიც მოწამებრივი სიკვდილით არ აღესრულა. მას ეკლესია სიყვარულის მოციქულს უწოდებს და ერთადერთია, რომელსაც ღვთისმეტყველად მოიხსენიებს.



