თამარ ზოდელავა იაღლუჯის მთის მასივზე მდებარე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე: ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მრავალი ათასი მოქალაქის საკუთრების უფლების დაცვის კუთხით, უწყებათაშორისი მუშაობით გამოინახა პრობლემის გადაჭრის გზები
სამართალი

თამარ ზოდელავა
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მრავალი ათასი მოქალაქის საკუთრების უფლების დაცვის კუთხით, უწყებათაშორისი მუშაობით გამოინახა პრობლემის გადაჭრის გზები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ იაღლუჯის მთის მასივზე მდებარე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამით ათასობით ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, რომ დაირეგისტრიროს ქონება და გახდეს კანონიერი მესაკუთრე.
„სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ნებისმიერ საკითხზე იმუშაოს და მონახოს გადაჭრის გზები. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი. ეს მრავალწლიანი პრობლემაა, რომელიც აწუხებდა რუსთავის მოსახლეობას, ჩვენ ვთავაზობთ გადაწყვეტის გზას და ყველა უწყების მაქსიმალური ჩართულობით, ამ პროცესს დავასრულებთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრი მოქალაქე გახდება მესაკუთრე.
ეს არის ძალიან კომპლექსური პროცესი და თუ დოკუმენტურად ყველაფერი იქნება დადასტურებული, მოხარული ვიქნებით, რომ ყველა მათგანი გახდეს მესაკუთრე. მოგეხსენებათ, საკუთრების უფლების დაცულობა ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა მოქალაქისთვის“, - აღნიშნა თამარ ზოდელავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იწყება იაღლუჯის მთის მასივზე მდებარე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემის მოგვარება.





