მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის უფლებების თემაზე პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
სამართალი

ფოტო: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის უფლებებზე, სენაკის კერძო სკოლა „სხივში“, ქალაქ ფოთის N6 და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნის საჯარო სკოლებში პროკურორებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად განიხილეს სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვანთა უფლებები, მათი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული მართლმსაჯულების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ძირითად საპროცესო გარანტიებს, რომლებიც მართლმსაჯულების პროცესში ბავშვზე მორგებული მიდგომების გამოყენებას უწყობს ხელს.
საინფორმაციო ღონისძიებების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მათი უფლებების შესახებ ინფორმირებულობა და დანაშაულის პრევენციაა.
საქართველოს მასშტაბით, საქართველოს პროკურატურა, საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე მოსწავლეებთან აქტიურად ატარებს.





