დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულებს - გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
სამართალი

აღკვეთის ღონისძიებად 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ სპეციალური პენიტენიციური სამსახურის ყოფილ უფროსსა და გლდანის მე-8 საპატიმრო დაწესებულების ყოფილ დირექტორს.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ პატარიძეს სთხოვა ვატო ყიფიანმა ის და კიდევ 4 კაცი დავით ფეიქრიშვილის საკანში შეესახლებინათ, რაც პატარიძემ ციხის დირექტორს დაავალა.
პროცესს ორივე ბრალდებული ესწრებოდა.
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 7 ადამიანს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება 13 ნოემბერს წარუდგინა.




