სამართალდამცველებმა თბილისში, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, 7 ადამიანი დააკავეს
სამართალი

ფოტო: IMEDI/ ვიდეოკადრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, 7 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს თბილისში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ბრალდებულები უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით.
„კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა პირმა დაპირისპირებაში მონაწილე ახალგაზრდას ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სამი ჭრილობა მიაყენა.
დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილეთა იდენტიფიცირების მიზნით მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტი რეჟიმით ატარებდნენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს.
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ცხელ კვალზე 7 ადამიანი ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





