სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებულს №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ დაწესებულების დერეფანში გადაადგილებისას ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი შეახვედრა მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით
სამართალი

ფოტო: სპეციალური პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებულს №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ დაწესებულების დერეფანში გადაადგილებისას ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი შეახვედრა მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით, - აღნიშნულის შესახებ „იმედინიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.
ჩვენს კითხვაზე უწყებაში განმარტეს, რომ ოჯახის მიერ 10 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გამოიკითხა მსჯავრდებული.
„პაატა მანჯგალაძემ წერილობით თავადვე დაადასტურა, რომ 10 ნოემბერს ჰქონდა შეხვედრა ადვოკატთან და ასევე ისარგებლა ხანმოკლე პაემნით. მისი განმარტებით, ამ პერიოდში მის მიმართ მუქარას, ან რაიმე სახის ზემოქმედება არ ყოფილა.
გამოკითხვისას მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ წარსულში, კიბის უჯრედთან გადაადგილების დროს მისთვის უცნობი პატიმარი დაინტერესდა, თუ რომელ საკანში იმყოფებოდა, თუმცა აღნიშნულ კითხვას გაგრძელება აღარ მოჰყოლია. შესაბამისად, საუბარი რაიმე ტიპის ზეწოლაზე არის სპეკულაცია და სიცრუე“, - აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.





