მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
სამართალი

მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. მათ დანაშაულის აღიარეს და მოინანიეს. სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე საპროცესო შეთანხმების დეტალებზე იმსჯელებენ.
ზოდელავასა და ბერიძეს 4 ოქტომბრის საქმეზე 7-7- წლიანი სასჯელი აქვთ შეფარდებული. მათ ბრალდების მხარე სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებას და ხელში ჩაგდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებოდა.
ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები - გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკია.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ხელი მოეწერება საპროცესო შეთანხმების ოქმებს, რომლის თანახმადაც ლაშა ბერიძე მალე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. კერძოდ, საპროცესო შეთანხმების თანახმად, მას 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება. აქედან 1 წელზე მეტი უკვე მოხდილი აქვს და რამდენიმე კვირაში ლაშა ბერიძე თავისუფალი იქნება. შეთანხმების გაფორმების წინაპირობა სამართლებრივად არის ბრალდებულის თუ მსჯავრდებულის აღიარება. ჩვენ დაახლოებით ერთი თვის წინ წერილობით მივმართეთ პროკურატურას, რომ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო“, - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.
მედიასთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა ვაჟა თოდუამაც.
„მსჯავრდებულებმა - მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკიამ და გური ჟვანიამ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და მოგვმართეს განცხადებით - შეთანხმების დადების თხოვნით. ბრალდების მხარემ განიხილა აღნიშნული განცხადება, დააკმაყოფილა და დღევანდელ სხდომაზე წარმოადგენს შუამდგომლობას მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავდროულად, პირობითი მსჯავრი. რაც შეეხება სხვა მსჯავრდებულებს, მათ მიმართ ამ ეტაპზე გაგრძელდება საქმის არსებითი განხილვა. თუ ეს ბრალდებულები მოგვმართავენ შეთანხმების დადების თხოვნით, ბუნებრივია, ბრალდების მხარე განცხადებას განიხილავს“, - განაცხადა პროკურორმა.





