ბათუმის მოვლენებისთვის დაკავებულ 9 პირს საპროცესო გარიგება გაუფორმდა
სამართალი

ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებული მოვლენებისთვის დაკავებულმა 9 პირმა დანაშაული აღიარა და მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
მათგან 2 ბრალდებულს ერთწლიანი პატიმრობა და ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ, დანარჩენებს კი ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა და სამი წელი პირობითი მიესაჯათ.
რაც შეეხება ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს, მათთან საპროცესო გარიგება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ამასთან, ისინი დანაშაულს არ აღიარებენ.
ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.





