სპეციალური პენიტენციური სამსახური: მწუხარებას გამოვთქვამთ ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო - თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა. მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა
სამართალი

ფოტო: სპეციალური პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და ახლობლებს, - განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
აქვე განმარტებულია ბრალდებულის გარდაცვალების გარემოებები. სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს.
„მომხდართან დაკავშირებით კი განვმარტავთ, ბრალდებული გ.გ №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა 2026 წლის 2 ოქტომბერს (ბრალდებული სსსკ-ის 276-ე მუხლის I-V-ნაწილით). 2026 წლის 9 ოქტომბერს, 14:35 საათზე, ბრალდებულ გ.გ.-ს თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა. ამ დროს საკანში მისი ხუთი თანამესაკნე იმყოფებოდა. ამასთან, დერეფანში, საკნის კართან იდგა დაწესებულების სოციალური მუშაკი, რომელიც საკნის კარის სარკმლიდან გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ მსჯავრდებულს ეკონტაქტებოდა. სოციალურმა მუშაკმაც გაიგო საკანში დაცემის ხმა, რაც ნათლად ჩანს დაწესებულების დერეფანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერში ასახულ მის რეაქციაში.
შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ერთ წუთში ადგილზე გამოცხადდა დაწესებულების სამედიცინო პერსონალი, რომელმაც ბრალდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. 14:36 საათზე დაწესებულებაში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე 14:50 საათზე გამოცხადდა. მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა, 15:15 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალება.
მომხდარის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა იმერეთის საოლქო პროკურატურას, რის შემდეგაც ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და გამოძიებას უკვე მიეწოდა საქმესთან დაკავშირებული მასალები სრულყოფილად", - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.





