ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის - „გმირის დღის“ მონაწილეებს შეხვდა
რეგიონი

ფოტო: აჭარის მთავრობა
საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია ბათუმში 6-7 ნოემბერს პროექტის - „გმირის დღის“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კომისიის თავმჯდომარეს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს მარიამ ლაშხს, კომისიის წევრ რიმა ბერაძეს, საქართველოს პარლამენტის წევრებს და პროექტის მონაწილეებს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ეროვნული გმირების მაგალითის განზოგადება ახალგაზრდებისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის შეხსენებას ისახავს მიზნად. ზურაბ პატარაძემ ასევე ხაზი გაუსვა სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასაც, რაც მოსწავლეებს ცოდნის. გამოცდილების გაზიარებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს.
პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, დროებითი კომისიის წევრმა რიმა ბერაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
ინიციატივა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს აერთიანებს და ბავშვებსა და მოზარდებში ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებას ემსახურება. ღონისძიება ბათუმისა და თბილისის რესურსცენტრების მონაწილეობით ტარდება და მისი მიზანია სხვადასხვა რაიონის სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და მოსწავლეებს შორის ურთიერთობისთვის ხელშეწყობა.





