გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: 10 თვეში მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან ამოღებულია 4700 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 78-მდე თევზმახე
რეგიონი

ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 10 თვეში ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 10 თვეში მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან ამოღებულია 4700 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 78-მდე თევზმახე.
„ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული საკითხია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან პატრულირებას და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. პარალელურად, პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ მდებარეობებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.
2026 წელს აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ პრევენციული ღონისძიებები გატარდა მდინარეებზე - ჭოროხი, ტარჩენა, ენგური, ჩხოუში, მუნჩია, ხობისწყალი, რიონი, ჭანისწყალი, ლესისწყალი, მტკვარი, ასევე ზღვის სანაპიროზე, გრიგოლეთის, ფოთისა და ბაზალეთის ტბებზე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე. კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ კი თევზმახეები იქნა ამოღებული გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სარწყავი არხებიდანაც.
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ კი პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე.
ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 4 700 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 78-მდე თევზმახე - ე.წ. „გოდორი“, „ფაცერი“ და „ოჩხი“.
თევზმახეებსა და ბადეებში გახლართული თევზი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





