ქალაქ ონის შესასვლელთან საავტომობილო გზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია
რეგიონი

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ107–კმ112 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისა და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
სამუშაოების ფარგლებში გამაგრდა მეწყრული უბანი, აღდგა დაზიანებული გზა და გაკეთდა დამცავი კედელი. ჩატარებული სამუშაოების მიზანი იყო ფერდობის სტაბილიზაცია და საავტომობილო გზაზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 11 ივლისს ქალაქ ონის შესასვლელთან, მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც ძირითად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად მოეწყო დროებითი შემოვლითი გზა, რომლითაც ავტოტრანსპორტი ძირითადი გზის აღდგენის პერიოდში გადაადგილდებოდა.
აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტი კვლავ ძირითად გზაზე მოძრაობს.





