„ჩემი პირველი ნერგი“ - პროგრამის ფარგლებში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საქართველოს მასშტაბით საკუთარ პირველ ნერგს რგავს
რეგიონი

ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
„ჩემი პირველი ნერგი“ - პროგრამის ფარგლებში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საქართველოს მასშტაბით საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ქვეყნის მასშტაბით გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას და საკუთარ პირველ ნერგს რგავს,
პირველ დღეს, ნერგების დარგვის ღონისძიებები ხულოს მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც 154-მა პირველკლასელმა დარგო თავისი პირველი ხე.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები ქვეყნის მასშტაბით.
პროგრამის ფარგლებში, ნერგების დარგვა 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში, ჯამში 41 000-ზე მეტი ნერგი დაირგვება.
ხულოს მუნიციპალიტეტში 7 სახეობის ნერგი დაირგო, რომლებიც ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. ესენია: კავკასიური ფიჭვი, კავკასიური ცაცხვი, კოლხური ბზა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი, პირამიდალური კვიპაროსი, ქართული მუხა და ჰიმალაის კედარი.
პროგრამისთვის სპეციალურად შეიქმნა ვებპლატფორმა - https://cheminergi.eiec.gov.ge/ka, სადაც განთავსებულია ინფორმაცია პროგრამის, ნერგების სახეობებისა და მათი მოვლის წესების შესახებ. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია დარგული ნერგების რეგისტრაცია და მათი ადგილმდებარეობის ნახვა ინტერაქტიულ რუკაზე.
პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.
ინიციატივა აერთიანებს გარემოსდაცვით განათლებასა და პრაქტიკულ საქმიანობას - საკუთარი პირველი ნერგის დარგვით ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ ქვეყნის გამწვანებაში, სწავლობენ ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობას და საკუთარი წვლილი შეაქვთ ახალი მწვანე სივრცეების შექმნაში.
ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.




