წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება
რეგიონი
22 ოქტომბერს წალენჯიხა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს- „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღეებს მასპინძლობდა.
ქალაქში მთელი დღის განმავლობაში პოეტური განწყობა, ცოცხალი მუსიკა და სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა.
ღონისძიებების ციკლი ტრადიციულად დიდი პოეტის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერენტი გრანელის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
დღის განმავლობაში ადგილობრივებსა და სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამა წარედგინათ:
გუგე ცანავას სახელობის პარკში გაიმართა ღონისძიება ტერენტი გრანელი- „ის აქ არის!..“, სადაც ლექსები ვიოლინოსა და საქსოფონის ჰანგების თანხლებით გაჟღერდა.
სამეცნიერო-შემეცნებითი შეხვედრის ფარგლებში, წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში ბორის დავითაიამ ლევან დადიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საინტერესო მოხსენება წაიკითხა.
გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე „მოძრაობის თეატრის“ შთამბეჭდავი მსვლელობა გაიმართა.
დღესასწაულის ფარგლებში, წალენჯიხის ადმინისტრაციულმა ერთეულებმა შემოდგომის უხვმოსავლიანი და კუთხური ტრადიციებით მდიდარი კუთხეები წარადგინეს. პატარებისთვის მოეწყო სპეციალური გასართობი სივრცეები, ხოლო სპორტის მოყვარულთათვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.
ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტზე მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები წარდგნენ.
დღევანდელ საზეიმო ღონისძიებებს ოფიციალური სტუმრები ესწრებიან, მათ შორის: საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, თბილისის საკრებულოს წევრები, რეგიონის მერები, საკრებულოების წარმომადგენლები და სხვა პირები.
ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.





