რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე 1800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენია გადამუშავებული - რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 000 ტონის ფარგლებშია
რეგიონი

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე 1800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენია გადამუშავებული. მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 000 ტონის ფარგლებშია.
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებისა და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარის” მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.
ადგილწარმოშობის ღვინოების - „ხვანჭკარა“ და „რაჭა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელ ყურძენს. ამასთან, რეგიონის შესასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შეტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა. რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს.





