სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულმა დეპარტამენტებმა კახეთში, მცხეთა-მთაინეთსა და თბილისში ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სიღნაღში, სოფელ ზემო ბოდბეში გამოავლინეს ფიზიკური პირის გ. მ-ის კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო, რომელიც სააგენტოს აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა; ობიექტზე ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობისათვის დაჯარიმდა მცირე მეწარმე ვ. ა.
მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, მარკეტ „მაშ 2025“-ში (მისამართი: ქ. მცხეთა, გამსახურდიას ქ. N23) გამოვლინდა სარეალიზაციოდ გამზადებული ვადაგასული სურსათი. ამასთან, ბიზნესოპერატორი მუშაობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს ინდივიდუალური მეწარმის ლ. ჯ.-ის კუთვნილ უზბეკურ რესტორანში (მისამართი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N16), სადაც დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები, სურსათის ეტიკეტირების წესი.
გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხოლო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები; მომხმარებელმა კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01.





