ბოლნისში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დაჯილდოვდნენ
რეგიონი

ფოტო: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ მასწავლებლებს, მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით მადლობის სიგელები გადასცა, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეკატერინე ხუციშვილმა მასწავლებლის პროფესიის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.
საზეიმო ღონისძიებაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების 25 ღვაწლმოსილი მასწავლებელი დაჯილდოვდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





