დღეს თბილისში იტალიის პრეზიდენტი ჩამოვა
პოლიტიკა

სერჯიო მატარელა
ფოტო: shutterstock.com
საქართველოში იტალიის პრეზიდენტი სერჯიო მატარელა დღეს ჩამოვა. მისი დახვედრის ცერემონია 18:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შემდეგ გიორგი მარგველაშვილისა და სერჯო მატარელას პირისპირ შეხვედრა შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთმანეთს გაფართოებულ ფორმატში სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან.
პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები რამდენიმე ორმხრივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და ქართული და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან ილია მეორესთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
სერჯო მატარელა, დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც იტალიელი ბიზნესმენებიც შედიან, ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმს ეწვევა და ფორუმის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
იტალიის პრეზიდენტი ასევე ეწვევა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს და დაათვალიერებს “ქართულ-იტალიური” ისტორიული მეგობრობის შესახებ გამართულ გამოფენას.





