მალხაზ მაჩალიკაშვილი: იციან, რომ ხალხი მხარს მიჭერს და აგორებენ ჭორებს
პოლიტიკა

მალხაზ მაჩალიკაშვილი
ფოტო: არქივი
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩატაევს ხელისუფლებაშიც ჰყავდა საძმო და ხეობაშიც, - ამის შესახებ პანკისში სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მაჩალიკაშვილმა მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონის ექსპერტიზის შედეგად გამოქვეყნებულ მასალებს მიზანმიმართულად აგორებული ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ თემირლანი ბავშვი იყო და „ამ დონის ტერორისტს“ მისი ნდობა არ ექნებოდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„იციან, რომ ხალხი მხარს მიჭერს და საზოგადოების აზრის შესაცვლელად აგორებენ ჭორებს. ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს. თემირლანი ბავშვი იყო და ამ დონის ტერორისტს ბავშვის ნდობა როგორ ექნებოდა. რაც ჩემს სახლში მოხდა, სპეცოპერაცია კი არა, ტერაქტი იყო“, - აცხადებს მაჩალიკაშვილი და შვილის უდანაშაულობის აღიარებასთან ერთად გომელაურის, გოგაშვილის და სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს.
გუშინ "ქრონიკამ" ექსკლუზიურად მოიპოვა მასალები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი დოკუმენტი, სატელეფონო ამონაწერია. ამონაწერიდან ირკვევა, ვისთან დარეკა აჰმედ ჩატაევმა სოფელ კირნათიდან, თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე. ირკვევა, რომ რამდენიმე სატელეფონო ზარის ადრესატი, თემირლან მაჩალიკაშვილი იყო.
პანკისის ხეობის სოფელ დუისში დღეს ზვიად კუპრავა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ჩავიდნენ.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა სარალიძეს და კუპრავას ის ოთახი დაათვალიერებინა, სადაც მისი შვილი სპეცრაზმელმა დაჭრა.
ზვიად კუპრავას განცხადებით, შეხვედრაზე მოილაპარაკებენ, თუ როგორ და რა ფორმით გაგრძელდება საპროტესტო აქციები.
ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 2017 წლის 21-22 იანვარს ჩატარდა. შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - საედ დუდაევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.
ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.
სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ. მათ არა ერთხელ გამართეს საპროტესტო აქციები, მათ შორის ბოლო რამდენიმე კვირის წინ პანკისში ჩატარდა.





