საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის
პოლიტიკა

ვახტანგ შაქარაშვილი
ფოტო: თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქრიშვილი, თბილისის გენგეგმის განხილვაზე, მის მიერ გამოთქმული შეურაცხმყოფლური განცხადებების გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის. "მე ვთხოვ საზოგადოებას გაცხარება მომიტევოს", - ამბობს შაქარიშვილი. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
"მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა, ჩემი რეაქციისათვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა იყოს საერთო კონსენსუსის და შეთანხმების დოკუმენტი. ოპოზიციის მხრიდან კი იყო გაყოფის და დაპირისპირების მცდელობა,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, ოპოზიციას ჰქონდა აბსოლუტური შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება და დაესვა კითხვები გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით.
"ამის ნაცვლად კი, მათ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს საქმიანი განხილვა და წარმოდგენის გამართვა სცადეს. სწორედ ამაზე მქონდა რეაქცია, რაც რომელიმე კონკრეტული პირის მისამართით არ იყო მიმართული,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
სასტუმრო "ბილტმორში" თბილისის გენგეგმის განხილვას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ამასთან დაკავშირებით, ევროპული საქართველოს წევრმა და თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შაქარიშვილმა მას შეურაცხყოფა მიაყენა.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა.
გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.





