შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უნდა ავყვეთ ბრიუსელის კონფრონტაციულ პოლიტიკას, ჩვენ ვსხედვართ დიალოგის მაგიდასთან. ველოდებით, როდის მოუსხდება ბრიუსელის წარმომადგენლობა ამ მაგიდას. ჩვენ ვართ კონსტრუქციული. დროა, ევროკავშირიც კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდეს
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უნდა ავყვეთ ბრიუსელის კონფრონტაციულ პოლიტიკას, ჩვენ ვსხედვართ დიალოგის მაგიდასთან. ველოდებით, როდის მოუსხდება ბრიუსელის წარმომადგენლობა ამ მაგიდას. ჩვენ ვართ კონსტრუქციული. დრო არის, რომ ევროკავშირიც კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდეს, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტების თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა კაია კალასის განცხადებაზე.
„როდესაც ქალბატონი კალასი ამბობს, რომ სიღრმისეული განხილვა საქართველოსა და შავი ზღვის საკითხების არ არის მისი ამოცანა, მის ზედაპირულობას აჩვენებს. რა თქმა უნდა, ის სიღრმეებში არ შედის, რადგან არის ზედაპირული თავის საგარეო პოლიტიკაში და ეს ჩანს. ამიტომაც არის, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს ძალიან უმწიფარია და მან თავისი გლობალური როლი დაკარგა. არ არსებობს დიდი სახელმწიფო, რომელიც ანგარიშს უწევს დღეს ევროკავშირს, როგორც გლობალურ ძალას. ეს არის სწორედ შედეგი ქალბატონი კალასისა და ზოგადად, კომისიის ზედაპირული უმწიფარი საგარეო პოლიტიკისა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება საქართველოს არ მიწვევას, ესეც თავის მხრივ აჩვენებს, თუ ვინ არის საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაში ბოიკოტზე ორიენტირებული, დესტრუქციული და დიალოგის შემაფერხებელი. მგონი, კარგად ჩანს, რომ ამ ურთიერთობაში დესტრუქციული არის ევროკავშირი, კონსტრუქციული არის საქართველო.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, მზად ვართ, დაველოდოთ მათ დიალოგის მაგიდასთან და ვფიქრობ, კონფრონტაცია ეს არ არის გზა - ყოველ შემთხვევაში, სადაც ევროკავშირი კონფრონტაციაზე წავიდა, თვითონაც წააგო და სხვა ქვეყნებს კიდევ უფრო დიდი შეცდომები დააშვებინა და დიდ უბედურებაში გადააგდო. ასე, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ, უნდა ავყვეთ ბრიუსელის კონფრონტაციულ პოლიტიკას, ჩვენ ვსხედვართ დიალოგის მაგიდასთან, ველოდებით, როდის მოუსხდება ბრიუსელის წარმომადგენლობა ამ მაგიდას. ჩვენ ვართ კონსტრუქციული. დრო არის, რომ ევროკავშირიც კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





