ოკუპირებულ ცხინვალში ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის სავარაუდო ვადა დაასახელეს
პოლიტიკა
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს შესაძლოა 2 კვირის განმავლობაში გადასცემენ. ამის შესახებ სააგენტო Front News-თან ინტერვიუში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ პრესმდივანმა დინა გასიევმა განაცხადა.
"სამხრეთ ოსეთის პოზიცია ასეთია: ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოში მის ოჯახს აუცილებლად დაუბრუნდება, თუმცა ეს მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მოხდება. სავარაუდოდ ამას 2 კვირა დასჭირდება"- განაცხადა გასიევმა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილზე საუბრისას კი გასიევმა განაცხადა, რომ ისინი დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს, სახლში იმყოფებიან და მათ გადაადგილებაში ხელს არავინ უშლით.
სინამდვილეში კი ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს". მათ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მხოლოდ 11 მარტს მისცეს.
7 მარტს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ცხედრის ექსპერტიზას სულ ცოტა ერთი თვე დასჭირდება.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი ცხინვალის მხარეს საქართველოსთვის ჯერ არ გადაუცია.
სამოქალაქო მოძრაობის "ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ტატუნაშვილის მკვლელობის დამკვეთი ოკუპირებული ახალგორის გამგებელი ფილიპ ხაჩიროვია, შემსრულებელი კი დეფაქტო ცხინვალის მილიციის წარმომადგენელი ლუდვიგ ხაჩიროვი.
ფილიპ ხაჩიროვმა განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.





