სალომე მურცხვალაძე
კალაძე: თუ ვინმე დამნაშავეა, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც იმოქმედებს
პოლიტიკა

თბილისის მერი დღეს ვაკეში, მარაბდის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძეს ჟურნალისტებმა სხვადასხვა კითხვით მიმართეს, მათ შორის, აუდიტის სამსახურის დასკვნაზე, რომელიც 19 თებერვალს გამოქვეყნდება.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი აუდიტის დასკვნაში დარღვევებზე იქნება საუბარი, გათავისუფლდება თუ არა მერიიდან ვინმე? - კალაძემ უპასუხა, რომ თუ ვინმე დამნაშავეა, აუცილებლად მიიღებენ შესაბამის ზომებს.
“მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენთვის მთავარი არის პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და ჩვენ ასეთ ადამიანებთან ვაპირებთ მომავალშიც მუშაობას“, - განაცხადა კალაძემ.
ვაკის რაიონში სულ 100 000 მდე კვ.მ ფართობის რეაბილიტაცია იგეგმება. მარაბდის ქუჩის სამუშაოების შედეგად კი სულ 1700 კვ.მ ფართობის რეაბილიტაცია მოხდება, რომლის ღირებულება 115 000 ლარია.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში წერია, რომ 2015-16 წლებში დარგული ხე-მცენარეების მესამედი გამხმარია, რითაც თბილისის მერიამ გამწვანების მიმართულებით გამოყოფილი თანხები არაეფექტურად დახარჯა. აუდიტმა მოცემულ პერიოდში მერიის მუშაობაში სხვა დარღვევებიც აღმოაჩინა.
მონიტორინგის პერიოდი დავით ნარმანიას მერობის პერიოდს ემთხვევა, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა ყველა კითხვას უპასუხოს.





